27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ბორჯომში პროტესტი გრძელდება - კომპანიასთან შეთანხმება დღეს ვერ შედგა

ბორჯომში პროტესტი გრძელდება -  კომპანიასთან შეთანხმება, ვერც დღეს შედგა. თანამშრომლების 12 პუნქტიან მოთხოვნას, სანქციების ქვეშ მოყოლილი კომპანია ვერ აკმაყოფილებს. ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანის მფლობელობაში არსებული ქართული მინერალური წყალი, საერთაშორისო ბაზრებზე ვეღარ გადის. გამოსავალი ბორჯომის წილის საქართველოსთვის დაბრუნებაა.

19 მაისს "IDS​ ბორჯომის" მაკონტროლებელმა კომპანიამ, საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. გუშინ, 6 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი. ამ განცხადების მიუხედავად, ქარხნის თანამშრომლები აქციებს არ წყვეტენ. გუშინვე "IDS ბორჯომის" ხელმძღვანელობამ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართა, რომ მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართული თანამშრომლების მიმართ აგრესია. 

ბორჯომის კულტურის სახლი გაფიცულთა ნაწილმა მოლაპარაკების დაწყებიდან მალევე, რამდენიმე წუთში დატოვა მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე საუბარი ხელშეკრულებების პუნქტს შეეხო. თანამშრომელთა ამ ნაწილისთვის,მიუღებელი აღმოჩნდა ის შეთავაზება, რომელიც მედიატორებმა კომპანიის სახელით გააჟღერეს.

მალევე შეხვედრა გაფიცულთა მეორე ნაწილმაც დატოვა. ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მანამდე ვერ იქნება მიღებული, სანამ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, კომპანია არ დათანხმდება.

გაფიცულებისგან განსხვავებით, შეხვედრიდან უკმაყოფილოები არ გამოსულან მედიატორები. მეტიც, მათ შეხვედრას შედეგიანი უწოდეს და კონკრეტული საკითხების მოგვარების პოზიტიურ პერსპექტივაზე ისაუბრეს.

კულტურის სახლში გამართულ მოლაპარაკებამდე დღეს, შეხვედრა კომპანია "ბორჯომის" ოფისშიც გაიმართა. 4 საათიანი დიალოგი აქაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ბორჯომის თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. სანქცირებულთა სიაში მყოფ კომპანიას კი, ისედაც შემცირებული ბაზრის დაკმაყოფილება უჭირს.

"კურიერი" კომპანიის წარმომდგენელსაც ესაუბრა. "ბორჯომში" ამბობენ, რომ მათთვის შანტაჟითა და მოქმედ თანამშრომლებზე ზეწოლით მანიპულირება მიუღებელია. კომპანიიის ბიზნესის განვითარების დირექტორის თქმით, ქარხანა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

შეხვედრების შემდეგ, გაფიცულებმა "ბორჯომის" ქარხნის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და კომპანიის სხვა თანამშრომლებს შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, უკიდურეს ფორმებს მიმართავენ და შენობის პიკეტირებასაც განაგრძობენ.

შეხვედრამდე იყო დაპირისპირება. სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის ავტომობილს გავლის საშუალება არ მისცეს - სიტუაცია მალევე განიმუხტა, პოლიციამ სავალი გზის გათავისუფლებაც შეძლო.

ამ დრომდე გრძელდება თანამშრომლების გაფიცვა. ისინი მანამ არ აპირებენ აქციების შეწყვეტას, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. "ბორჯომის" ქარხანა უკრაინის ომის დროს სანქცირებულთა სიაში მოხვდა. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში, კომპანიის აქციონერი სახელმწიფო გახდება.



დღის ამბები