27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ქუჩის ბრძოლები სევეროდონეცკისთვის - ბოლო ცნობები უკრაინიდან

რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ, თუმცა ქალაქში არსებული ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება - სევეროდონეცკში ისევ ქუჩის ბრძოლებია. ოკუპანტები არტილერიას, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებენ. უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს. ანალიტიკოსების აზრით, ქალაქის კონტროლი ხშირად "გადადის ხელიდან ხელში". ომის 104 - ე დღესაც, რუსეთი მთავარ აქცენტს დონბასზე აკეთებს. იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი სრულად აიღონ, უნდა დაიკავონ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, თუმცა ამ ქალაქების აღებას, უკრაინელების წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებენ.

სევეროდონეცკიი უკვე ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 15 ათასს აღწევს, ევაკუაცია კი ვერ ხერხდება. რთულია ვითარება სევეროდონეცკთან ახლოს მდებარე ლისიჩანსკშიც. ოკუპანტებმა ბაზარი, სამთო კოლეჯი და სკოლა დაბომბეს. ბაზრის ტერიტორიაზე, მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს - დაშავდა 5 ადამიანი.

უკრაინული ძალები წარმატებულ შეტევას ახორციელებენ ზაპოროჟიის ოლქში, შედეგად, რუსული არმია მელიტოპოლის გარშემო, თითქმის ყველა საგუშაგოს ტოვებს. მელიტოპოლის მერი იმედოვნებს, რომ ქალაქის სრული დეოკუპაცია მალე მოხერხდება, რადგან სახელმწიფოს პრიორიტეტი ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილების გათავისუფლებაა. ამასთან, ცნობილია, რომ რუსებმა მელიტოპოლში დაბლოკეს ინტერნეტი და კომუნიკაციის უკრაინული საშუალებები.

მდგომარეობა ისევ რთულია ოკუპირებულ მარიუპოლში. მოსახლეობას ელექტროენერგია, გაზი და წყალი არ მიეწოდება. ქალაქში დარჩენილებს სასმელი წყლის მისაღებად რეგისტრაცია სჭირდებათ და ამის უფლება, მხოლოდ ორ დღეში ერთხელ აქვთ. "ბიბისის" ინფორმაციით, ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში დაღუპული უკრაინელი მებრძოლის ცხედრის დაბრუნება დაიწყეს. ამავე წყაროს ცნობით, სამხედროები უკვე გადაასვენეს კიევში და მიმდინარეობს იდენტიფიცირება.

ომის 104 - ე დღეს, ამერიკულ ტელეარხ ABС-ის, ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა უკრაინის პირველმა ლედიმ. ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ უკრაინელები არ დათმობენ საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას.

უკრაინის პირველმა ლედიმ, მსოფლიო საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა, თუმცა მან, მსოფლიოს მოუწოდა, არ შეეჩვიონ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.



დღის ამბები