27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს სხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობასა და ამ პროცესში ახალი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე.

„ინვესტორთა საბჭოს წევრმა ბიზნესასოციაციებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ პროცესში ბიზნესსაზოგადოებასთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

საქართველოში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

"ძალიან კარგი და დინამიური დისკუსია შედგა დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული  – როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს ქვეყანას გასაკეთებელი, ხოლო ინვესტორთა საბჭოს დიდი ექსპერტული რესურსი გააჩნია. დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას ნებისმიერი სახით, რითაც შევძლებთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია. საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა. ბევრი ადგილობრივი კომპანიაც ფიქრობს გაფართოებაზე. ეს ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს ძალიან გვახარებს," – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩის, მარკ კლეიტონის შეფასებით, ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ძალიან სასარგებლო დისკუსია შედგა.

"მონაწილეობა მივიღე ძალიან სასარგებლო და ცოცხალ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობითა და მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი, უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების  ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად," – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

დღის ამბები