ბორჯომში, კომპანია "IDS ბორჯომის" თანამშრომლებთან მოლაპარაკება ცოტა ხნის წინ დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს და მედიატორს შეხვდნენ.
4 საათიანი შეხვედრა, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა შეხვედრის მონაწილეების თქმით, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.
რაც შეეხება მოთხოვნებს, აქციის მონაწილეებს აქვთ 12 მოთხოვნა და ისინი ითხოვენ, რომ კომპანიამ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.
მოთხოვნებს შორისაა, გათავისუფლებული 50 თანამშრომლის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება, ხელფასის მატება 25% - ით და ვადიანი ხელშეკრულებებიდან, უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ცოტნე კიკნაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის და მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი, უფრო ფართო ფორმატში გაიმართება.
"კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით, მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება. ახლა, მთლიანად ხალხთან ჩაინიშნა შეხვედრა და მაგის შემდეგ გვეცოდინება", - აცხადებს ცოტნე კიკნაძე.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს, ბექა ფერაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და კომენტარი დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ახლა "ბორჯომის" ქარხნის ტერიტორიაზე სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე პოლიცია ისევ რჩება.