27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"ყველაზე მაგრად როცა სჭირდებოდა ქვეყანას, 7 თვის განმავლობაში იყავით ბოიკოტში, გინდათ ქვეყანა აირიოს ნებისმიერ ფასად, თუ ეს იქნება ომი ეგეც მისაღებია თქვენთვის" - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

პარლამენტში განცხადებები გაკეთდა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერ პროექტზეც, რომელიც ვროპარლამენტმა შეიმუშავა. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ.

"თქვენ რა პრობლემებზე მუშაობთ ერთი ეგ გვითხარით?! ყველაზე მაგრად როცა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, 7 თვის განმავლობაში იყავით ბოიკოტში. წააგეთ ბევრი არჩევნები, არ გაქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, არ გაქვთ ხალხის მხარდაჭერის იმედი, გინდათ, რომ ქვეყანა აირიოს ნებისმიერ ფასად, თუ ეს იქნება ომი - ეგეც გაწყობთ და ეგეც მისაღებია თქვენთვის. ამიტომ ევროპულ ღირებულებებზე აქ ნუ საუბრობთ ის ადამიანები, ვინც ყველაფერი ანტიევროპული გააკეთეთ ამ  ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოს წარმომადგენლები ყველა ქვეყნის დედაქალაქში ჩავლენ და გადაწყვეტილების მიმღებ პირს შეხვდებიან.

"ჩვენ ჩავალთ ყველა დედაქალაქში და შევხვდებით ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილება 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტისგან, შესაბამისად დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საუბარი გვქონდეს უკლებლივ ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან და არავისთვის დასამალი არ არის, რომ არსებობენ სკეპტიკოსი ქვეყნები. სწორედ ამ სკეპტიკოს ქვეყნებთანაც ჩვენ გვექნება საუბრები და იმედია, რომ ივნისის ბოლოს საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე, მით უკეთესია ქვეყნისთვის.

"რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე მით უკეთესი. თქვენ გახსოვთ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპარლამენტში თურმე მხოლოდ 10 კაცს აინტერესებს საქართველო. ესეც არის ანტიდასავლური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, სინამდვილეში ბევრად მეტს აინტერესებს საქართველო, უბრალოდ ისინი მიუთითებენ მხოლოდ "ნაცმოძრაობის" 10 ლობისტზე, რომელიც მუდმივად აკეთებს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს. სინამდვილეში საქართველოს ჰყავს ბევრად მეტი მეგობარი ევროკავშირში და ჩვენთვის ნებისმიერი ასეთი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცალკეული ლობისტების კრიტიკული განცხადებები სულაც არ არის კრიტიკული, არამედ ვიწრო ლობისტური ინტერესებიდან გამომდინარე თავდასხმაა.

"როდესაც საქმე მიდგება პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებზე და არა ცალკეულ ადამიანებზე, ცალკეულ მხარდამჭერ ჯგუფებზე, პარტნიორ ჯგუფებზე და ა.შ. მაშინ გაცილებით უფრო ობიექტურია შეფასებაც. შეფასება ობიექტურია იმდენად, რამდენადაც საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები ნამდვილად იმსახურებენ შეფასებას და დაფასებას იმგვარს, რომ საქართველოში უნდა იყოს რეალური მოლოდინი ევროპის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილებისა.

რაც შეეხება კონკრეტული ცალკეული ლობისტების კრიტიკულ განცხადებებს, ეს არ არის კრიტიკული განცხადებები, ეს არის ძალიან ვიწრო ლობისტური ინტერესებიდან გამომდინარე თავდასხმა და შეტევა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ ქართულ სახელმწიფოზე იმიტომ, რომ უბრალოდ ამ ადამიანებს ქვეყნის გარეთაც, ნაცმოძრაობას და მის შტოებს ქვეყნის შიგნით და მათ ლობისტებს ქვეყნის გარეთ, შეუძლიათ ამ შემთხვევაში ცოტა ხნით მაინც გაჩერდნენ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და ვინ გააკეთა ამისთვის უფრო მეტი - ოპოზიციამ თუ ხელისუფლებამ, მნიშვნელობა არ აქვს.

დღის ამბები