27 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა - ოპოზიციური მმართველობის მუნიციპალიტეტი შიდა პოლიტიკური უთანხმოების ასპარეზი გახდა

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ოპოზიციური მმართველობის მუნიციპალიტეტი შიდა პოლიტიკური უთანხმოების ასპარეზი გახდა. თავად ოპოზიციაში დაპირისპირებას უარყოფენ, თუმცა თანამდებობიდან გადამდგარი ლაშა ზარქუა არ მალავს, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება, რაზეც პასუხისმგებლობას თავადაც იღებს.

ვერდამტკიცებული ბიუჯეტი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შეფერხება - გაჭიანურებული პროექტები წალენჯიხაში საკადრო ცვლილებების საფუძველი გახდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოადგილის თანამდებობიდან წასვლით პასუხისმგებლობის არიდება სცადა.

თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წალენჯიხის მერის აპარატში წერილობითი ფორმით უკვე შევიდა. ლაშა ზარქუამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა და მიზეზი მხოლოდ სატელეფონო საუბრისას განმარტა.

თავად ამბობს, რომ მისი წასვლის ერთადერთი მიზეზი სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა, თუმცა ადგილზე საუბრობენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა შიდა უთანხმოება გამხდარიყო. წალენჯიხის მერი ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ ლაშა ზარქუამ პოსტი მხოლოდ საკუთარი სურვილით დატოვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2012 წლის დადგენილებაა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული თანხა გამოიყოფა. სწორედ ამ პროგრამას ემუქრებოდა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრთხე. მიზეზი მერიის მიერ პროექტის საკრებულოსთვის დაგვიანებით წარდგენა იყო.

საბოლოოდ პროგრამის აღდგენა მოხერხდა, თუმცა მომხდარის მიზეზების დასადგენად ქალაქის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა. ვინ ჩაიბარებს წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას - ეს ჯერ არ ხმაურდება. გადაწყვეტილებას ქალაქის მერი მიიღებს.

დღის ამბები