27 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
საკვების გლობალური დეფიციტი, გაზრდილი ფასები და მილიონობით ადამიანი შიმშილის პირისპირ - გაერო საგანგაშო პროგნოზის შესახებ მსოფლიოს აფრთხილებს

საკვების გლობალური დეფიციტი, გაზრდილი ფასები და მილიონობით ადამიანი შიმშილის პირისპირ - საგანგაშო პროგნოზის შესახებ მსოფლიო ლიდერებს გაერო აფრთხილებს. კრიზისს უფრო ამწვავებს რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა, რის გამოც ოფიციალური კიევი სასიცოცხლო პროდუქციის ექსპორტზე გატანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. უკრაინა, რომელიც მსოფლიოში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტებით 50-მდე ქვეყანას ამარაგებს.

"გაეროს" გარდა რუსეთს საკვების კრიზისის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ღიად ადანაშაულებს ევროკავშირიც. ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებს რომ საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის დეფიციტზე პასუხისმგებელი უშუალოდ მოსკოვია .

ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ კრემლში. ვლადიმერ პუტინის განცხადებით მარცვლეულის ექსპორტზე პრობლემა თავად კიევმა შექმნა პორტების დანაღმვით. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას გემების უსაფრთხო გატარების სანაცვლოდ პორტების განაღმვას სთავაზობს.

ამ დრომდე უკრაინის პორტებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია. განაღმვის შემთხვევაშიც პროცესს თვეები დასჭირდება. მედიის ინფორმაციით განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობას თურქეთი მიიღებს, რომლის ინტერესიც საკვების კრიზისის დასრულებაა, რადგან თურქეთის შემთხვევაში რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებული მარცვლეულის წილი 26 პროცენტს შეადგენს. გავრცელებული ცნობით, უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა უკვე შეათანხმეს.

უკრაინის მთავრობაში აცხადებენ რომ მარცვლეულის იმ ნაწილს რასაც კრემლი ვერ ანადგურებს - იპარავს. გავრცელებული ინფორმაციით ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა ასობით ათასი კილოგრამი მარცვლეული გადაიტანა. ანალიტიკოსების განცხადებით გლობალური შიმშილის პრევენციისთვის, გამოსავალი ომის დასრულება და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაწესებული სანქციების მოხსნაა.

მოსკოვის ულტიმატუმს უკვე უწოდეს ე.წ "გამოძალვის დიპლომატია". გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით აშშ არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც კრემლზე რაიმე ეკონომიკურ ზეწოლას მოხსნის. წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ფასი 20 პროცენტით გაიზარდა.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პორტებიდან ბლოკირებული გემების გათავისუფლება არ მოხდა, ფასების უკონტროლო ზრდასთან ერთად საცავებში შენახული მილიონობით ტონა პროდუქტი საკვებად უვარგისი გახდება, მსოფლიოს 43 ქვეყნის 49 მილიონი მცხოვრები კი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება.

დღის ამბები