თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ტურნირის მესამე დღეს, ბექა ღვინიაშვილის და ონისე სანებლიძის ტრიუმფის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი მძიმე წონოსანმა გელა ზაალიშვილმა გაახარა.
მან ჯერ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი დაამარცხა, შემდეგ ქართველი ძიუდოისტი, ხოლო ფინალში იგი უზბეკ ალიშე იუსუპოვს დაუპირისპირდა, რომელსაც შეხვედრის დასრულებამდე 52 წამით ადრე იპონით მოუგო. ამრიგად, თბილისის გრანდ სლემი დასრულდა და საქართველოს ნაკრებისთვის შეჯიბრი ძალიან შედეგიანი გამოდგა.
ნაკრებმა 39 წარმომადგენლით იასპარეზა, 14 - მა მათგანმა კი მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში 7 წონით კატეგორიიდან 5 - ში ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.