ალექსანდრე გულუა ერთადერთი ქართველია ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიის 2016 წლის კურსდამთავრებულებს შორის. როგორც თავად ამბობს, ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიიდან ბევრი პროფესიული თუ პიროვნული თვისება, ნებისყოფა, მცირე ფოტოალბომი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლო წამოიღო.
შტატებში გატარებული 4 წლის განმავლობაში ორი მიზანი ჰქონდა - პირველი, რომ გაეკეთებინა მაქსიმუმი როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქვეყნის სახელით და მეორე - ამერიკული ცოდნით კარიერა საქართველოში დაეწყო. არსებობდა ამერიკული კარიერის შანსიც და საკმაოდ რეალურიც იყო, თუმცა პრიორიტეტი არ შეცვლილა, რადგან საქართველოში, კონკრეტულად კი პოლიციაში მუშაობა ჯერ კიდევ მოზარდობის დროს დასახული მიზანი იყო.
საქმე, რომელსაც უკვე 5 წელია ემსახურება, ქვედა რგოლიდან დაიწყო, მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 5 წლიანი მუშაობის შემდეგ ახლა ის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო დანაყოფს ხელმძღვანელობს და ყოველდღიურად მიდის სამსახურში იმ ქუჩაზე, რომელიც მისივე მამის, გენერალ გია გულუას სახელობის არის.
გენერალი გია გულუა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 1994 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. სანდრო მხოლოდ ორი წლის იყო, ამიტომ მამა არ ახსოვს. ტრაგიკული ფაქტიდან 28 წლის შემდეგ ახლა მას მამისგან განსხვავებული გამოწვევები და არანაკლებ საპასუხისმგებლო სამუშაო აქვს.
ნარკოლაბორატორიის გამოვლენა სხვა არაერთ საქმესთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად შეფასდა. ნარკოდანაშაულის ეფექტური გამოძიების და აღკვეთის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სანდრო გულუა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისად, სანდრო გულუა საქართველოში შესაძლოა უნიკალურ პოლიციელად ჩაითვალოს, რომელსაც ჯილდო უკვე ორი ქვეყნის, ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტებისგან აქვს მიღებული.