პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები ამ წუთებში ელოდებიან, თავდაპირველი რეისი გადაიდო, გარდაცვლილი ქალის ახლობლები კვლავ აეროპორტში არიან შეკრებილი.
ცხედარს მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ დარჩელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
როზეტა ყალიჩავას ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს. ბავშვების ჩამოყვანა პრობლემური გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის დასატოვებლად ითხოვენ ბავშვების მამის თანხმობას, რასაც როზეტა ყალიჩავას ოჯახი აპროტესტებს.
ბავშვებთან დაკავშირებული პროცედურების გამო პოლონეთში რჩება ბავშვების ბიძა, როზეტა ყალიჩავას ძმა გოგა ყალიჩავა.
ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად საქართველოში დაბრუნების მცდელობა სახელდება. პროკურორის ინფორმაციით, ქმარმა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავადაც დაზიანებები მიიყენა. გავრცელებული ცნობით ის ამ დროისთვის კომატოზურ მდგომარეობაშია. მდგომარეობის დარეგულირების შემდეგ მას შესაბამისი კანონმდებლობით გაასამართლებენ.