ბოლო პერიოდში სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა.
"აკადემიური საბჭო ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ამიტომ მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნას.
გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესების მიღმა, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო რეკომენდაციას აძლევს თსუ ადმინისტრაციას, რომ სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესთავაზოს თსუ საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) უფასოდ განთავსება ერთი თვით. ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში,"- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, აკადემიურმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები ჩატარდეს (გამოცდების ორგანიზება მოხდეს) იმგვარად, რომ სტუდენტებმა მარტივად მოახერხონ გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება.
თსუ აკადემიური საბჭო იმედოვნებს, რომ გაზაფხულის სემესტრის როგორც სასწავლო, ისე საგამოცდო პროცესი წარიმართება სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობითა და თანამშრომლობით.