უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან 100 დღის შემდეგაც პოზიციებს არ თმობენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის გუნდთან ერთად 24 თებერვლის მსგავსად უკრაინელების გასამხნევებლად დღესაც ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ყველანი ისევ ადგილზე არიან.
უკრაინელი სამხედროები ადგილზე არიან, მაგრამ შეიცვალა ვითარება, ის გაცილებთ მძიმე გახდა. ლუჰანსკის ოლქის სრულ ტერიტორიაზე ოკუპანტების იერიში გრძელდება. უმისამართო საარტილერიო და საავიაციო დაბომბვის შედეგად განადგურებულია რამდენიმე ათეული კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. დაიღუპა 8 პირი, დაშავდა 20-მდე მშვიდობიანი.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სევეროდონეცკში. ოკუპანტებმა ქალაქის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავეს. ბრძოლები თითოეული ქუჩის დასაცავად მიმდინარეობს. რუსული არმია ამ დრომდე ვერ ახერხებს ცენტრალური გზის დაკავებას.
სიტუაცია დამძიმდა ხარკოვის ოლქშიც. ტერიტორიას ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ.
დანაკარგი აქვს ოკუპანტს პოპასნაიას მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ქვედანაყოფებმა პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს, განადგურდა მათი იარაღი და აღჭურვილობა.
ინტენსიურად იბომბებოდა ღამის განმავლობაში ნიკოლაევის ოლქი. რამდენიმე სოფელში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. იერიშების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება 23-მა ადამიანმა მიიღო.
კრიტიკულად მძიმე ვითარებაა ოკუპანტების მიერ დაკავებულ მარიუპოლში. ზღვისპირა ქალაქის მერი აცხადებს, რომ არსებობს ეპიდემიის გავრცელების საფრთხე.
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ დაიღუპა 246 ბავშვი. 500-მდე არასრულწლოვანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. გაეროს მონაცემების მიხედვით, 3 მილიონზე მეტი არასრულწლოვანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.