27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
პარლამენტში თეა ახვლედიანს მოუსმინეს - რა იყო განხილვის მთავარი თემა და რა კითხვები ჰქონდათ მასთან კანონმდებლებს

პარლამენტმა, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმინა. დეპუტატების შეხვედრა თეა ახვლედიანთან მედიისთვის დახურული იყო და ორ საათს გაგრძელდა.

განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და ის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

"შეხვედრაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ სახელმწიფოს ჩართულობის და შერიგების დეპოლიტიზირებულ, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებზე. ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი მიმდინარეობს და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო ფორმატში ყველა აქტუალურ მიმართულებაზე მსჯელობა,"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

კანონმდებლების განცხადებით, ოკუპაცია ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება და შერიგების საკითხები არის თემა, რასაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

"ვისაუბრეთ საფრთხეების თაობაზე, დეტალებთან დაკავშირებით ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არის სწორი მიმართულება და საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათ კონფლიქტების ტრანსფორმაციის პერიოდმა მიგვიყვანოს გარკვეულ წინაპირობამდე, რომ ოდესმე საუბარი შეგვეძლოს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების საკითხებზე, თუმცა ამას ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის რუსეთის აგრესია,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

თეა ახვლედიანს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს, რომელიც როგორ თავად აცხადებენ, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იყო. 

 

დღის ამბები