27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
მეტი მძიმე შეიარაღება გვჭირდება იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი შედეგები გაუმჯობესდეს

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების საერთშორისო ფორუმზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდის სამიტზე, რომელზეც ალიანსმა მომდევნო 10 წლის სტრატეგია უნდა განსაზღვროს, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს უკრაინის საკითხს და ის უნდა იქცეს ამ სტრატეგიის ნაწილად.

ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"დღეს სიტუაცია იცვლება. ამ დროს არსებობს სამი მთავარი სიტყვა, ესაა დრო, ტრანზაქცია და კოორდინაცია. ჩვენი მხრიდან ტერიტორიების გათავისუფლებას დღეები და კვირები სჭირდება, რასაც უკრაინელების სიცოცხლე მიაქვს. ომის ხასიათი იცვლება, ამიტომ მეტი მძიმე შეიარაღება გვჭირდება, იმისთვის რომ ბრძოლის ველზე ჩვენი შედეგები გავაუმჯობესოთ. არსებობს სამი საფეხური - ეს არის აგრესორის შეკავება, ტერიტორიების გათავისუფლება, მესამე კი უკვე მოლაპარაკების მაგიდა და სამეზობლო პოლიტიკის განსზაღვრაა რუსეთთან.

მე ვფიქრობ, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე, რომელიც ივნისში იქნება, ისინი განსაზღვრავენ ნატოს მომდევნო 10 წლის სტრატეგიას. ვფიქრობ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ნატოში წევრობაზე, ეს იქნება უფრო დე ფაქტო და არა დე იურე. ეს შეიძლება იყოს კარგი იდეა, რადგან უკრაინა იქნება ამ სტრატეგიის ნაწილი. უკრაინა არის ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი, ნატოს ქვეყნების აღმოსავლეთ ნაწილი, ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია ყველას ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, რომლებიც არიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები",- განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

უკრაინის თემას გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ მილოვი. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი დასავლეთისგან ასეთ კონსოლიდირებულ პასუხს არ ელოდა.

"ვლადიმერ პუტინი არ ელოდა დასავლეთის ასეთ კონსოლიდირებულ პასუხს. ეს ვიცი ჩემი ძველი ნაცნობებისგან, ვინც ახლა მთავრობაში მუშაობს. ის სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა და რაც მთავარია ის ერთიანობა, რაც დასავლეთმა აჩვენა, ეს იყო მოსკოვისთვის ძალიან მოულოდნელი. პუტინი შეცდა თავის გათვლებში, მას წარმოედგინა რომ უკრაინის არმია იყო სუსტი, რუსული არმია კი იმაზე ძლიერი, ვიდრე არის სინამდვილეში, დასავლელი პოლიტიკოსები სუსტი და თავი წარმოედგინა ძლიერ ლიდერად, რომელი სამ დღეში აიღებდა კიევს და იტყოდა, მიიღეთ ეს უკვე არსებულ ფაქტად! ვერაფერს იზამთ!

თუმცა, ის შეცდა, ახლა მისთვის რთულია წინ სვლა, მაგრამ ის ძალიან ჯიუტია და ვფიქრობ გამოიყენებს ყველა არსებულ რესურს, რათა რამეს მაინც მიაღწიოს უკრაინაში. ჩემი აზრით, მაინც ვერაფერს მიაღწევს, იქნება მრავალწლიანი კონფლიქტი, ბევრი სისხლი და ნგრევა. ჩვენ ბევრი წელი ვაფრთხილებდით დასავლეთს, რომ პუტინი აქამდე მიიყვანდა საქმეს", - განაცხადა ვლადიმირ მილოვმა.

უკრაინული საზოგადოების  სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში კურტ ვოლკერი. 

"პირველ რიგში, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, რაც მნიშვნელოვანია. ისინი ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო, ცდილობენ უკრაინის იდენტობა ამოშალონ. ახლა კი უკრაინა თავის ისტორიას, კულტურას იდენტობას მაქსიმალურად იცავს. უკრაინული საზოგადოება საკმაოდ ძლიერია. რუსეთმა შეიძლება რაღაც ტერიტორიები აიღოს, მაგრამ უკრაინელები სანაცვლოდ ბრძოლით პასუხობენ", - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

დღის ამბები