27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
უკრაინის ომი, მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება და ევროპული სამეზობლოს გაძლიერება - ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესწრება. 

გლობალური უსაფრთხოების რიგით მე-17 ფორუმზე 2 დღის განმავლობაში მონაწილეები უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე და ევროპული სამეზობლოს გაძლიერებაზე იმსჯელებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე კი მსოფლიოში უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის განმტკიცება "გლობსეკის" მთავარი თემა იქნება. 

"გლობსეკი" დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. ბრატისლავაში უკვე იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაური გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გახსნის უკვე დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში პრემიერს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრებიც ექნება. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ფორუმის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე – მსჯელობის მთავარი თემა კი აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება იქნება.

სლოვაკეთის დედაქალაქში გლობალური ფორუმის გახსნაზე მყოფ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აქცენტი უკრაინაში ომსა და რუსეთის აგრესიაზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც დასავლეთმა კრემლის წინააღმდეგ და მის შესასუსტებლად გადადგა.

რუსული აგრესიის კონტექსტში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლის დროს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა 2008 წელი და აგვისტოს ომი გაიხსენა.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი უკრაინის პრეზიდენტი იყო. ვოლოდიმირ ზელენსკი ფორუმს ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. 

"გლობსეკი" ევროპაში ყველაზე დიდი უსაფრთხოების ფორუმია. მას 1200-მდე მონაწილე ჰყავს, ძირითადად ევროკავშირის, თუმცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. საქართველოსთვის ამ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა პარტნიორებთან ურთიერთობები გააღრმავოს, იმის გათვალისწინებით, რომ ივნისში ევროკავშირმა უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებს, ასევე პირისპირ შეხვედრებს ქართული დელეგაცია, იმისთვის გამოიყენებს, რომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენოს თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი მინიჭებას.

სლოვაკეთის დედაქალაქი გლობალური უსაფრთხოების ფორუმს 4 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღის ამბები