27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი : შანტაჟი სექსის შემდეგ - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანი ვიდეოებს იწერდა და პარტნიორებს აშანტაჟებდა

ახალგაზრდა ქალი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საკუთარი თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანი მირიან ჯავახიშვილი ახლა განსასჯელის სკამზე ზის. პროკურატურამ ის დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობას ფარულად იწერდა და შემდეგ, ამ ჩანაწერითვე აშანტაჟებდა. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ჯავახიშვილი მსგავსი მეთოდით სხვა ქალებსაც წლების განმავლობაში ემუქრებოდა. ყველაზე ძველი ჩანაწერი 10 წლის წინ არის გაკეთებული.

დაზარალებული ჰყვება, რომ ბრალდებული, ამ გზით, ქალებს ფულსაც სძალავდა და მასთან ურთიერთობასაც აიძულებდა. უარის შემთხვევაში კი მიმართავდა ადევნებას და უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. შედეგად, ქალმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დანაშაული ნაქირავებ ბინებსა და ნატახტარში მდებარე სასტუმროებში ხდებოდა, "კურიერმა" მოიპოვა ამ საქმის კიდევ ერთი დაზარალებულის ჩვენება. ახალგაზრდა ქალის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაიწერა და შემდეგ გაასაჯაროვა კიდეც:

“მას ჰქონდა დისტანციური მართვის პულტისმაგვარი მოწყობილობა, რაშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის ე.წ. ჩიპი. თვითონ მითხრა, რომ ეს არის ვიდეოჩამწერი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ჩემთან ურთიერთობამდე მოახდინა სხვა ქალის პირადი ცხოვრების ჩაწერა, მასთან დაშორების შემდეგ კი აშანტაჟებდა და აშინებდა ამ ჩანაწერის გასაჯაროებით... მან ჩემი პირადი ცხოვრებაც გაასაჯაროვა დედაჩემთან, რითაც დამამცირა და შელახა ჩემი რეპუტაცია. მისგან მომდიოდა SMS შეტყობინებები, სადაც იყო მუქარა, რომ ვერასდროს სხვა პირი, სხვა მამაკაცი ვერ გამეკარებოდა“ - ნათქვამია დაკითხვის ოქმში. 

ბრალდებულის მამა დღეს "კურიერის" კითხვებმა გააღიზიანა, თუმცა შეეცადა დავერწმუნებინეთ, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და რეალურად, პროვოკაცია მოუწყეს.

ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობს ადვოკატიც. გელა ნიკოლეიშვილი ადასტურებს, რომ საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ნამდვილად დევს, თუმცა ჩანაწერები მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ გაუკეთებია.

ის, რომ ბრალდებული პარტნიორებთან ურთიერთობას ფარულად იწერდა,უკვე დაადგინა გამოძიებამ. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურორი ამბობს, რომ დანაშაული უტყუარად დასტურდება.

დღის ამბები