27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
სერიოზულად ავად არის, თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე გვიანი იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს - ბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დასკვნა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სპეციალისტები "ვივამედში" დღესაც მივიდნენ. 

"გრძელდება სამედიცინო შემოწმება და შესაბამისად, ასევე, გვაინტერესებს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ და მომდევნო ვიზიტებს შემდეგში დავგეგმავთ. ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია, თვითონ კლინიკის სპეციალისტებიც გააცნობიერებენ ამას, ალბათ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებლები, ამ დასკვნამდე თვითონ უნდა მივიდნენ,"- აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი.

კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი დედამ გიული ალასანიამ და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემაც მოინახულეს:

"სერიოზულად ავად არის. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მემგონი სასწრაფოდ წასაყვანია. თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ მერე რაც მოხდება უკვე გვიანი იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს,"- აცხადებს მომღერალი ბუბა კიკაბიძე. 

საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომაზე ბრალდებული არ მიუყვანიათ - ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს, მაგრამ ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს. ამის შემდეგ მოსამართლემ მხარეებს გასვლითი სხდომის გამართვა შესთავაზა, რაზეც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი სხდომაზე დასწრებას, ჯერჯერობით, ადგილზეც ვერ შეძლებს. გასვლითი სხდომის ჩატარების შეთავაზებას დაეთანხმნენ საქმის პროკურორები- განხილვა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 9 ივნისს გაგრძელდება.

დღის ამბები