27 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
დიდი ოდენობით გადასახადის დამალვა და ფულის გათეთრება - რა ამოიღეს თურქი ბიზნესმენის ოფისიდან პოლიციელებმა და როგორ მუშაობდა კრიმინალური სქემა

ბათუმში დაკავებულ თურქ მილიონერს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. დიდი ოდენობით გადასახადების დამალვისა და ფულის გათეთრების გარდა, გალიფ ოზთურქის სახელი ფიგურირებს თაღლითობისა და შრომითი ექსპლუატაციის საქმეშიც - საუბარია ბათუმში ათეულობით უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოყვანასა და არალეგალურ საქმიანობაზე. სავარაუდო ტრეფიკინგის რამდენიმე ეპიზოდზე გამოძიება ოფიციალურადაც მიმდინარეობს.

გალიფ ოზთურქის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში, ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფენ, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სამართალდამცველებმა ბიზნესმენის ერთ-ერთი ოფისიდან, ჩინეთის 40-მდე მოქალაქის პასპორტი ამოიღეს. საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ძალადობასაც ასახავს. ასევე აღწერილია, თუ რა სქემით ამუშავებდნენ ბათუმში მოტყუებით ჩამოყვანილ უცხოელებს.

ოფისი, საიდანაც სავარაუდოდ არალეგალური საქმიანობა ხორციელდებოდა, ბათუმში ე.წ. ბონის დასახლებაში იყო განთავსებული. ტერიტორია გალიფ ოზთურქის ჰოლდინგის საკუთრებაშია. ბათუმში ბიზნესმენის მრავალმილიონიანი აქტივები ამით არ შემოიფარგლება. "ინტურისტი", "სქაი თაუერი", "პრაიმ ჰოტელი", "ჰექსინ ჯგუფი" - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელიც აჭარაში გალიფ ოზთურქიუს სახელთანაა დაკავშირებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჰოლდინგში საკუთარი ინტერესები აქვს დერკან ბაშერს, რომლის სახელსაც თურქეთში არალეგალურ სათამაშო ბიზნესს უკავშირებენ. ეს ფოტო ბათუმის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, სადაც გალიფ ოზთურქის და ინტერპოლით ძებნილი დერკან ბაშერის შეხვედრაა ასახული.

ძებნილთა სიაშია თავად გალიფ ოზთურქიც, რომელსაც თურქეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, საუბარია 1996 წლის 28 სექტემბერს თურქეთის მოქალაქის მკვლელობაზე, რომლის დამკვეთად, სწორედ „მეტრო ჰოლდინგის“ მფლობელი სახელდება. თურქეთიდან გამოქცეული მულტიმილიონერი ბათუმში დასახლდა და ახალი ოჯახიც შექმნა, მას 30 შვილი ჰყავს, რომელთა უმეტესობა საქართველოში სუროგაციის გზით შეეძინა. მოხდება თუ არა ბიზნემენის თურქეთში ექსტრადირება, ჯერჯერობით, უცნობია. ამჟამად ის გადასახადების დამალვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სამართალდამცველებმა მისი ოფისის ჩხრეკისას ნარკოტიკებიც ამოიღეს.

დღის ამბები