დღითიდღე იზრდება იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან მეზობელ სახელმწიფოებში მიედინება. რუსეთის და ბელორუსის გარდა უკრაინას კიდევ 5 ქვეყანა - მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი ესაზღვრება.
ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი პოლონეთმა მიიღო. საუბარია 281 ათას ადამიანზე. საზღვართან რიგებია - უკრაინელებს შორის ცოტანი არიან მამაკაცები, ძირითადად, ჭარბობენ ქალები და ბავშვები.
ბუნებრივია, მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მუშაობენ პოლონეთშიც. მედიკას სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, რომელიც ახლა ყველაზე დატვირთულია, "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფიც მუშაობს.
საზღვართან მუშაობენ მოხალისეები, რომლებიც მიდიან მანქანებით და ლტოლვილები გადაჰყავთ სპეციალურ პუნქტებში. სასაზღვრო ზოლში შექმნილია სპეციალური ცენტრები, სადაც ლტოლვილებს გეგმის მიხედვით ანაწილებენ სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში. ათვისებულია სკოლების, ბაღებისა თუ სხვა საჯარო დაწესებულებების სივრცეები. ადგილობრივებს მიაქვთ ჰუმანიტარული დახმარებაც. სასაზღვრო პუნქტებთან გახსნილია სამედიცინო დახმარების პუნქტებიც.