27 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
რატომ არ უერთდება საქართველო დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს - მთავრობის პოზიცია პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა

რატომ არ უერთდება საქართველო დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს - მთავრობის პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ განმარტა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრევენცია რისკების დაზღვევისთვის - დაახლოებით ასე ჟღერს საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები, რომელიც თვლის, რომ სანქციები ომს ვერ აჩერებს.

პრემიერმა სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია რამდენიმე მიზეზით განმარტა. მთავრობის სხდომაზე ყველაზე მეტი დრო სწორედ ამ თემაზე საუბარს დაუთმო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინას საქართველოს მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს, თუმცა რატომ არ უერთდება საქართველო, რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ქვეყნის ინტერესების დაცვით ხსნის.

რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ არაერთ სანქციას საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რომ მხარს უჭერს, ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს. დიპლომატი ხსნის იმ რისკებს, რომლებიც რუსეთისთვის ინდივიდუალურად დაკისრებულ შეზღუდვებს შესაძლოა მოჰყვეს.
 
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესებულიყო. თუმცა ნაწილი ამბობს, რომ რუსეთისთვის შეზღუდვები საერთო მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო.
 
ოპოზიციის პასუხად მმართველი პარტია იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც რუსეთის მხრიდან დღეს კიდევ უფრო საფრთხის შემცველია. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ახლა ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ხაზი ქვეყანაში მშვიდობის შეანრჩუნებაზე გადის.

პოლიტიკური ნაწილის გარდა პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკურ საფრთხეებზეც, რომლებიც სანქციების დაწესების შემთხვევაში ქართულ ბიზნესთან ერთად რუსეთში მცხოვრები დაახლოებით 1 მილიონი მოქალაქის ინტერესს დააზიანებს. 
 
რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირმა და ამერიკამ ოკუპანტ ქვეყანას არაერთი ინდივიდუალური მძიმე შეზღუდვა დაუწესა.
 
დღის ამბები