პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი - უკრაინის სამეზობლოში უკვე გადასულია ნახევარი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი. მათი დიდი უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინიდან იძულებთ გადაადგილებულ პირთა რაოდენობა სამ მილიონს გასცდება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები და რამდენად შეაჩერებს მსოფლიო პუტინის ომს.
ამ წუთებშიც რიგებია უკრაინის ევროკავშირის მიმართულებით არსებულ ყველა საზღვართან. განსაკუთრებით დიდი ნაკადია პოლონეთთან, სადაც მიგრანტთა რიცხვი 300 ათასს აღწევს.
პოლონეთს ადგილზე მოწყობილი აქვს სპეციალური ბანაკები, მედპუნქტები და საველე კვების ობიექტები. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან ბავშვები, რომლებიც ვერ ხვდებიან რატომ უწევთ საკუთარი სახლების დატოვება და დედებთან ერთად კილომეტრების გავლა თავშესაფრისთვის.