27 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
რატომ ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ოპოზიციას მმართველი გუნდი - ოპონენტების პასუხი 

პარლამენტის თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციის ნაწილს, უკრაინაში მიმდინარე ომის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

სპიკერი მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიისა და რეგიონში ვითარების ფონზე, ოპონენტების ერთადერთ სურვილს, სოლიდარობის ნაცვლად, ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობის მოძებნა წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილის აზრს, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებიც იზიარებენ, რომლებმაც დღეს "ნაცმოძრაობა" რუსულ მეხუთე კოლონას შეადარეს.

ოპონენტების მოსაზრებას დაუსაბუთებელი უწოდეს დღეს ბრალდების უშუალო ადრესატებმა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ პარტიის დესტრუქციულ ძალად მონათვლა პოლიტიკური ბრძოლის მოძველებული მეთოდია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სურვილი რომ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს, ამას არც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გამორიცხავს, თუმცა ასეთ დროს ერთიანობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. მეორე ნაწილი კი, სახელისუფლებო გუნდის ბრალდებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

შულავერის კომიტეტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მითითებით რუსულ საქმეს აკეთებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ოპონენტების მიმართ. კანონმდებლებმა დღეს ნაცმოძრაობა და ოპოზიციური ძალების ნაწილი სოლიდარობის გულწრფელი აქტის მითვისების მცდელობაშიც დაადანაშაულეს.

ომი და რუსული აგრესიის შეკავება უკრაინაში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. გლობალური გამოწვევების ფონზე, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა სახის საფრთხეების არიდება მოუწევს ქართულ სახელმწიფოს.

დღის ამბები