250-მდე უკრაინის მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომის ამბებს საქართველოდან იგებს. მეგობარმა ქვეყანამ ისინი საცხოვრებლით და ყველა პირველადი საჭიროებით უზრუნველყო, თუმცა მათი მთავარი საჭიროება მშვიდობაა.
უკრაინელი ცოლ-ქმარი ომის დაწყებამდე საქართველოში გამოემგზავრა, ხუთი წლის შვილი კი ბებოსთან დარჩა, იქ სადაც ახლა ისვრიან, ყოველი აფეთქებისას სარდაფში იმალებიან.
"კურიერის" კიდევ ერთმა რესპონდენტმა ომს რამდენიმე საათით გამოასწრო, მაგრამ კიევში მოხუცი კოვიდინფიცირებული ბებია დარჩა, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია და განგაშისას თავს შედარებით უსაფრთხო ადგილს ვერ აფარებს.
საქართველოში მყოფ უკრაინელებს, ყველას ჰყავს ომში დარჩენილი ახლობლები. 22 წლის ილია იაკუშევს უკრაინაში მშობლებთან ერთად 10 წლის და ჰყავს. უკვე რამდენიმე საათია მათ ვეღარ უკავშირდება და იმედს იტოვებს, რომ მიწისქვეშა სადგომზე, სადაც ოჯახი თავს აფარებს, ტელეფონს კავშირი უჭირს.
აქამდე უცნობი თანამემამულეები - ქართველები და უკრაინელები, ახლა ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობლები არიან.