27 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
3 დღეში დაწერილი გმირობის არაერთი ისტორია - ერთ კადრში ასახული ომი და ტრაგედია, რომელიც ახლა უკრაინაში ტრიალებს 

ზაპოროჟიეში მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან, ადგილობრივის მიერ მოძრავი მანქანიდან გადაღებულ კადრებში, ომის რეალობაა გადმოცემული. დივერსანტების ჯგუფს მძევლად რამდენიმე პირი ჰყავთ აყვანილი.

არანაკლებ შემზარავია სურათი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა იერიში ბავშვთა საავადმყოფოზეც მიიტანა. თავდასხმის სამიზნე, ამჯერად არასრულწლოვანთა პათოლოგიისა და ონკოლოგიის ცენტრი გახდა.

მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან კიევშიც. რუსებმა ღია ცეცხლი უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებსაც გაუხსნეს.

დაიბომბა კიევის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაც. სეპარატისტები ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურასაც. არბევენ ყველაფერს, სადაც შეღწევასაც ახერხებენ. მათ შორის მაღაზიებსა და ჯიხურებს.

დამპყრობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას რიგითი მოქალაქეებიც ცდილობენ ისე, როგორც მათ შეუძლიათ. დღეს ნიკოლაევში, ადგილობრივებმა შიშველი ხელებით შეიარაღებული რუსი სამხედრო აიყვანეს და განაიარაღეს. მსგავსი ფაქტი უკრაინის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა.

ადგილობრივები იბრძვიან "მოლოტოვის კოქტეილებითაც". კიევის ცაზე ცეცხლის გახსნის პარალელურად მეტროში მოწყობილ ომის თავშესაფრებში ბავშვები დაიბადნენ. იქ, სადაც უკვე მეორე დღეა მოქალაქეები თავს აფარებენ. 

ისინი კი, ვინც ომში ვერ იბრძვიან, სამხედროებს სიმღერით ამხნევებენ. უკრაინის ჰიმნი, საჰაერო განგაშის გამოცხადების დროს ისმოდა. ტელეფონით გადაღებულ კადრებში ის ადამიანები ჩანან, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით თავს მეტროსადგურის ტერიტორიას აფარებენ.

ემოციურია პოლონეთი-უკრიანის საზღვარზე გადაღებული კადრებიც. მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები საზღვრთან იმიტომ მიდიან, რომ ფეხით მყოფ უკრაინელებს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დახმარების ხელი გაუწოდონ. საზღვართან ავტომობილების კოლონები დგას.

სოლიდარულია პოლონელების ის ნაწილიც, რომლებიც უკრაინელებს საზღვარზე ვერ ეხმარებიან. ისინი სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში მიდიან და დაშავებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლს აბარებენ.

დღის განმავლობაში ევროპის მასშტაბით არაერთი აქცია და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამომხატველი არაერთი პერფორმანსი ვიხილეთ. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინელებს ეხმარებიან და ემოციებს გამოხატავენ იმ ფორმით, როგორც ეს მათ შეუძლიათ.

ომის შეჩერებას ითხოვენ რუსეთის მოქალაქეებიც. უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით პუტინს ექიმებმა ღია წერილით მიმართეს. დოკუმენტს ხელს ასობით რუსი მედიკოსი აწერს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ომის მძიმე ფოტო და ვიდეო კადრები მსოფლიო ისტორიის ნაწილი გახდა. რუსეთის თავდასხმიდან მესამე დღეს, ტელეფონის კამერამ უკრაინელების მამაცობის არაერთი ფაქტი აღბეჭდა.

დღის ამბები