კიევის ცენტრში მშვიდობიანი მოსახლეობა, მტერმა მიზანში გამთენიისას ამოიღო. რუსული ჭურვი ლობანოვსკის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. რუსული აგრესიის სისასტიკეს, მოსახლეობა ახლომდებარე კორპუსების ფანჯრებიდან ადევნებდა თვალს. აფეთქების დროს დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
დაიწყო მოსახლეობის ევაკუაციაც. კორპუსების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების დაბომბვის გამო, უკრაინული მხარე, მოსკოვს ომის დანაშაულის ჩადენაში ღიად ადანაშაულებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდ თავდასხმას, კიევი მესამე დღეა იგერიებს. უკრაინელებს მძიმე ღამე ჰქონდათ, რუსული არმიას, უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევის თითქმის ყველა ქუჩაზე ებრძოდნენ.
ხელისუფლება მოსახლეობას მთელი ღამის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და ფანჯრებსა და აივნებს არ მიახლოვებოდნენ. დედაქალაქის დასაცავად ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. კიევში შეიცვალა კომენდანტის საათის დროც, ხვალ დილის 8 საათამდე თუ ვინმე ქუჩაში გავა, დივერსიული დაჯგუფების წევრად მიიჩნევენ.
მტერთან საკუთარი უპირატესობა უკრაინელმა მებრძოლებმა, კიევში, გამარჯვების გამზირზეც დაამტკიცეს. უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე და რუსულ საოკუპაციო ძალებს უკან დაახევინეს. ბრძოლას რომ არ შეწყვეტენ და არც იარაღის დაყრას აპირებენ - ამის შესახებ მოწინააღმდეგე კიევის მერმა ვიდეომიმართვით გააფრთხილა.
ხერსონის ცენტრში მდგარი უკრაინის მოქალაქე მთელ მსოფლიოს ვიდეომიმართვიდან უყვება, რომ ადმინისტრაციულ შენობაზე, უკრაინული დროშებია აღმართული და უკრაინის ჰიმნს უკრავენ.
ბოლო მონაცემებით, ტყვედ უკვე 200 რუსი ჯარისკაცი ჩავარდა. ვრცელდება მარადიორობის ამსახველი ვიდეო მასალაც, სადაც ჩანს რომ მელიტოპოლში, რუსი სამხედროები მაღაზიებს ძარცვავენ. ეს ერთადერთი ქალაქია, რომელზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ "სრული კონტროლი" დაამყარა.
კიევი-ჟიტომირის გზატკეცილზე ხიდი ააფეთქეს. დაიღუპა 8 წლის ბიჭი, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. დანგრეული ხიდიდან 5 მანქანა გადმოვარდა, აქედან 1 ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ხიდის აფეთქების შედეგად, კიევიდან ჟიტომირში გადასვლა შეუძლებელია.
"სუ-25-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში ჩამოაგდო. "ეს იყო შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის. სიკვდილი მტრებს," - ნათქვამია თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიდეოში კი ჩანს უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ცდილობს რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებას.
დილის მონაცემებით, ბრძოლაში 3,5 ათასზე მეტი რუსი სამხედროა დაიღუპული, 200 კი ტყვედ ჩავარდა. განადგურებულია 14 რუსული თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი. მტერმა დაიწყო სარეზერვო ნაწილების გადაადგილება უკრაინის რეგიონებთან საზღვარზე და განაგრძობს საავიაციო დარტყმებს აეროპორტებში. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის -3 ბავშვი. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია 1115 ადამიანი, მათ შორის - 33 ბავშვი.
უკრაინა საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელ ჯვარს" რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში ტრანსპორტირების მოთხოვნით მიმართავს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან ევაკუაციაზე უარი თქვა და სამხედრო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა. უკრაინის პრეზიდენტმა მის მიერ გავრცელებულ ბოლო ვიდეომიმართავში მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხის შესახებ გააფრთხილა. უთხრა, რომ უკრაინელებს მძიმე ღამე ელოდათ და კიევი უნდა დაეცვათ. დილით კი, უკრაინელებს ამ ვიდეომიმართვიდან ყვებოდა, რომ მტერს გეგმა ჩაუშალა და თავადაც არსად გაქცეულა.
აღმოსავლეთ ევროპაში შეცვლის თუ არა ომს მშვიდობა - ეს ჯერ არავინ იცის. ნიადაგი უკვე მომზადდა. დიალოგისთვის მზაობას ომში ჩართული ორივე მხარე გამოთქვამს, ოღონდ კონკრეტული წინაპირობებით. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა კიევს შეხვდრის გამართვა მინსკში შესთავაზა, ვოლოდიმირ ზელენსკი კი, მოწინააღმდეგე მხარესთან შეხვდრის ადგილად ვარშავას ასახელებს, შუამავლობას კი ისრაელის პრემიერს სთხოვს.
კიევი რუსეთის მხრიდან მორიგი იერიშის მოლოდინშია. ყველა ვისაც, იარაღის გამოყენება შეუძლია იბრძვის. ებრძვიან მტერს, რომელიც უკვე მესამე დღეა მათი დედაქალაქის აღებას ცდილობს.