27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
პუტინი "დესპოტთა სიაში"- რუსეთის ვეტოს დასაძლევად, გაერო აშშ-ს მიერ მომზადებულ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე გაიტანს

რუსეთის ვეტოს შემდეგ, გაერო ამერიკის მიერ მომზადებულ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე გაიტანს. აქ უკვე რუსეთი დოკუმენტს ვეღარ დაბლოკავს, რადგან ვეტოს უფლება არ აქვს. გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის წარმომადგენელმა, ერთი დღის წინ, გამართულ სხდომაზე ამ უფლებით ისარგებლა. პარალელურად უკვე მზად არის სანქციები, რომლებიც პერსონალურად პუტინს, ლავროვს და კრემლის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს დაუწესდება.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას იღებს - ვლადიმირ პუტინი "დესპოტების სიას" დაემატა. ამერიკის უმკაცრესი სანქციები თუ აქამდე მხოლოდ კიმ ჩენ ინს, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბაშარ ალ-ასადს ეხებოდა ახლა უკვე ჯო ბაიდენმა მათ რიგებს კრემლის ლიდერი და მისი მეგობარი მაღალჩინოსნები დაამატა.

ამერიკის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ამცნო.

კრემლის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტიც. პუტინთან ერთად სიაში მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს და ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. ბლინკენის უწყების თქმით, თუ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში, სანქციები კიდევ ბევრს შეეხება.

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ დეტალური განმარტება გამოაქვეყნა, თუ რას გულისხმობს რუსი მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სანქციები.

პარალელურად, ამერიკა უკრაინას დამატებით დახმარებას უგზავნის. ბაიდენმა უკვე დაავალა სახელმწიფო მდივანს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის 350 მილიონი დოლარი გამოყოს. პენტაგონში კი ამბობენ, რომ კრიზისის დასაძლევად გზები ჯერ კიდევ არსებობს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშინვე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალბანეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად რეზოლუციის პროექტი წარმოადგინა, რომელსაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია უნდა დაეგმო. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და ის დაბლოკა. რუსეთის ეს გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია, ზუსტად ასევე დაადო რუსეთმა ვეტო საქართველოს შესახებ რეზოლუციას, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც.

გაეროში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ამერიკა და მისი მოკავშირეები უკრაინის საკითხს გენერალურ ასამბლეაზე გადაიტანენ, სადაც რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს.

დღის ამბები