27 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ადამიანების სახეზე აღბეჭდილი ომის ტრაგედია და კვამლში გახვეული ქალაქები - რამდენიმე საათში შექმნილი ახალი რეალობა უკრაინაში

ომი უკრაინაში და ადამიანები, რომლებმაც სხვა რეალობაში გაიღვიძეს - ფანჯრებიდან გამოვარდნილი ცეცხლის ალი, ნაიარევები სახეზე, მეზობლები თუ სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს სახლების დატოვებაში ეხმარებიან, კედლების მიღმა კი იწვის ნაგროვები ნივთები, ბავშვების სათამაშოები. დღეს დილით დაწყებულ საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე, დატირების კადრი ხარკოვის ოლქში, ქალაქ ჩუგუევშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება კვამლში გახვეული ქალაქების, უჰორიზონტო საცობების, მაღაზიებისა თუ ბანკების კართან დამდგარი გრძელი რიგების ფოტოები. უკრაინის მოქალაქეების გვერდით კი დღეს არაერთი ქვეყანა დგას. სოლიდარობის აქციები პარალელურად გაიმართა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც უკრაინის დროშები გაშალეს და ომის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს ტექსტებით - არა ომს! არა პუტინს! 

2022 წლის 24 თებერვალი უკრაინის ისტორიაში ომის დაწყების დღეა. დილით დაიწყო სამხედრო ოპერაციები, ქალაქებს ბომბავენ, უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც. ამ დროს სამშობლოს ჯარისკაცები იცავენ, დანარჩენ მოსახლეობას კი უწევს დაიმალოს, გადარჩეს, გაიქცეს, იყოს ჩუმად და ეს ომის დაუწერელი კანონია.

ჩვენს მეზობელ ქვეყანას უკვე ჰყავს ათეულობით გარდაცვლილი და დაშავებული. ომი და დევნილობა ისევე არ არის მათთვის უცხო, როგორც ჩვენთვის. ომის გამოცდილებას კი კიდევ ერთი ტექსტი ინახავს, უკრაინელი ვასილ მახნო წერს: და წავიდა ზოგი ხალხი ჩრდილოეთისკენ, ზოგი სამხრეთისკენ, რომლებიც წინ წავიდნენ უკან ტოვებდნენ ქალაქებს, სოფლებს, საფლავებს და დამტვრეულ ჭურჭელს. ხოლო რომელთაც დააგვიანეს მათ გავლილ გზაზე სიჩუმეს კრეფდნენ. 

რამდენიმე საათში შექმნილი ახალი რეალობა და მისი ამსახველი ფოტოკოლაჟი გვიყვება უკვე დატოვებული სახლების, დაკარგული ადამიანების, დაჭრილი სამხედროების შესახებ და ამ კადრების არც ერთმა პერსონაჟმა არ იცის რა იქნება ან სად იქნება ხვალ.

დღის ამბები