27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მოსკოვის ბირჟის ინდექსი რეკორდულად ეცემა, უფასურდება რუსული რუბლიც - რა გავლენა იქონია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამ ეკონომიკაზე 

რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლის ზღვარზეა. უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - რუსულმა კომპანიებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით იზარალეს. უკრაინაში შეჭრის მომენტიდან, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა დაიწყო, რამაც აქციებზე ფასები რეკორდულად შეამცირა. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბირჟის არსებობის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ვარდნაა.

დაეცა რუსული რუბლის ფასიც, ამ დროისთვის, ერთი ამერიკული დოლარი 87 რუბლი ღირს, რაც 3 პროცენტიანზე მეტი გაუფასურებაა და ესეც რეკორდული ვარდნაა. რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, აქციები ამ შემთხვევაშიც რეკორდულად ეცემა.

Sberbank-ის აქციები დღეს 50.75%-ით დაეცა.
Gazprom-ის აქციებმა 50,41%-ით იკო.
Lukoil-ის 46,93%-ით;
VTB-ის 46,44%-ით;
Yandex-ის 41%-ით;

რაც შეეხება ნავთობის ფასს - მან უკანასკნელი 7 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა. არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 101 დოლარია.

გარდა ამისა, უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო, მნიშვნელოვნად მცირდება რუსი მილიარდერების ქონებაც - "ბლუმბერგის" მონაცემებით, მათი აქტივების ფასი ამ მომენტისთვის 343 მილიარდს უდრის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში უტოლდებოდა 375 მილიარდ დოლარს.

სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან მსოფლიო დებს პირობას, რომ რუსეთი კატასტროფული სანქციების წინაშე აღმოჩნდება.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე. 

დღის ამბები