27 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
თბილისის მერიამ უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადასცა

23-წლიანი ლოდინის შემდეგ, შორენა კვიჟინაძეს საკუთარი სახლი აქვს. წლების განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე 5 სულიანი ოჯახი, ნაქირავებ ბინაში რთულ პირობებში ცხოვრობდა.

საცხოვრებელი ფართის მიღება კვიჟინაძეებს, დედაქალაქის მერმა პირადად მიულოცა. მრავალშვილიანი ოჯახის მსგავსად, მუნიციპალური ფართი დღეს კიდევ 7 ოჯახს გადაეცა. კახა კალაძე ამბობს, რომ პროგრამა მისი წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. მერია წლის ბოლომდე 60 უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს.

ამ ეტაპზე თბილისში, საცხოვრებელი ფართის გარეშე ოფიციალურად 400 ოჯახია აღრიცხული. უსახლკარო სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ მოქალაქე გარკვეულ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. მათ შორის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ უნდა ფლობდეს ქონებას. პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა მშობლებსა და ვეტერანებს ენიჭებათ.

დედაქალაქის მთავრობის ინიციატივას, საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მერიის სოციალური პოლიტიკა საზოგადოების უკეთესი პირობების შექმნისკენაა მიმართული. თუმცა ძალაში ტოვებენ გაფრთხილებას, რომ უსახლკაროს სტატუსის გამოყენებით მოქალაქეებმა უკანონო მშენებლობები არ უნდა აწარმოონ.

თბილისის მერის განცხადებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

დღის ამბები