კრემლმა პირადად ბაიდენისგან შეიტყო ამერიკული სანქციების პირველი ტალღის დეტალები და ისიც, რომ პუტინთან შეხვედრა აღარ იქნება. პრეზიდენტმა მოსამზადებელი სამუშაოები გააუქმა. კოლეგასთან შეხვედრის აზრს ვეღარ ხედავს ბლინკენიც.
მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა პუტინის განცხადებებში სასიკეთო ვერაფერი ამოიკითხა, კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდა.
კრემლთან დაახლოებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ბანკებსა და თავდაცვის სექტორს, ევროპამ საკუთარ ბაზარზე წვდომა შეუჩერა. "აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში - და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია" - ასე ახსნა ბრიუსელის გადაწყვეტილება უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა.
ევროპარლამენტი, სანქციებს პერსონალურად პუტინისთვის ითხოვს. კრემლისთვის აგრესიული პოლიტიკის მაქსიმალურად გართულების საქმეში ჩართულია დიდი ბრიტანეთი და კანადაც. მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა აღაშფოთა ავსტრალია და იაპონია. ტოკიომ ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აკრძალა, გაყინა რამდენიმე პირის ანგარიშიც. "შავ სიაში" მოხვედრილებს კი იაპონია კარს უხურავს.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია. რუსეთის საგარეო უწყება ძლიერი და სიმეტრიული პასუხით იმუქრება. არსებობს აზრი იმის თაობაზე, რომ სანქციებთან წლებია ადაპტირდნენ და ამით დანაკარგებს არ მიიღებენ.
რუსეთისთვის სანქციებს დიდი ხანია ითხოვდა კიევი. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი დმიტრო კულება განსაკუთრებით კმაყოფილია გერმანიის გადაწყვეტილებით, რომელმაც "ჩრდილოეთის ნაკადი-2" შეაჩერა. კიევს ვაშინგტონმაც დაუდასტურა, რომ მოკავშირეებთან ერთად, რუსეთისთვის უფრო ხელშესახები პასუხისთვისაც მზად არის. დასავლეთის მადლიერია ზელენსკი, რომელიც დღეს პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს მასპინძლობდა. მათ ერთობლივ დეკლარაციაში გაიწერა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
მოსკოვმა დღეს ისიც შეიტყო, რომ საზღვრებთან კიდევ უფრო მეტი დასავლური ძალის ატანა მოუწევს. ამერიკა ბალტიას გააძლიერებს. რუსეთს კი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მხოლოდ სირიისა და ვენესუელას რეჟიმებმა მოუწონეს. ჩინეთმა კი, მოსკოვს მხარი დასავლური სანქციების კრიტიკით დაუჭირა.