27 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
უკრაინაში კრემლში დაწერილი სცენარი ჩაირთო - დონეცკის თვითაღიერბულმა რეპუბლიკამ რუსული მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

მსოფლიო ლიდერებს უკრაინის კრიზისზე საქართველოს 2008 წლის ომი ახსენდებათ. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ პუტინი 14 წლის წინ დაწერილი სცენარით მიდის. პროგნოზები შესაძლოა გამართლდეს, რადგან თვითაღიარებული დონეცკიდან უკვე დაიწყეს რუსული მოსახლეობის ევაკუაცია.

ლუგანსკის რეგიონში რუსული სამხედრო აგრესიის კვალი - სამხედროებმა საარტირელიო ცეცხლი კვლავ გახსნეს. დაიბომბა სოფელი, სადაც ჭურვი სახლებს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სეპარატისტებმა 66-ჯერ დაარღვიეს, დაიჭრა ორი უკრაინელი სამხედრო და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე.

კრემლის პროვოკაციული ქმედებები ომის მოლოდინში მყოფ უკრაინელებს არ უკვირთ. პრეზიდენტი ფრონტის ხაზზეა. მთავარსარდალმა დონეცკის რეგიონში სამხედროების ის პოზიციები მოინახულა, რომელიც ოკუპანტების მხრიდან ინტენსიურად იბომბება და სადაც სროლის ხმა გამუდმებით ისმის. ზელენსკი ამბობს, რომ ომი არ სურს და კრემლს დიალოგს სთავაზობს.

დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ფრონტისპირა სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყეს. მიზეზი ფრონტის ხაზზე ვითარების ესკალაციაა. ინფორმაცია რუსულ წყაროებში ვრცელდება. რუსეთი რომ თავდასხმისთვის საბაბს ეძებს, ამაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ. ქიმიური თავდასხმა, სამხედრო პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ტერაქტი - ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებზე ალაპარაკდნენ.

დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ კი დიპლომატიური ფრონტი გააძლიერეს. უკრაინა NATO-ს წევრი ორი ქვეყნის პარტნიორი გახდა და ალიანსი სამმხრივი თანამშრომლების მემორანდუმზე ხელმოწერით შექმნეს. ერთიანდებიან იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოება დაიცვან. ბრიტანეთის ელჩმა რუსული სამხედრო თუ პოლიტიკური მანევრები სწორედ კიევიდან დაგმო, სადაც სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრინდა.

უკრაინის სიახლოვეს ხმელეთი, ზღვა თუ ჰაერი რუსეთმა უკვე აითვისა. ხვალიდან კრემლი უკვე ბირთვულ წვრთნებს დაიწყებს. სწავლების ფარგლებში ბალისტიკურ და საკრუიზო რაკეტებს გაუშვებენ, რომლებიც მიზნად ისახავს ბირთვული თავდასხმის სიმულაციას. სწავლებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები ჩაერთვებიან. ვლადიმერ პუტინი სამხედრო წვრთნებს პოლიგონზე პირადად უხელმძღვანელებს.

მანამდე კი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალექსანდრე ლუკაშენკო ჩავიდა. პრეზიდენტები იმსჯელებენ თუ სად განთავსდება ბელარუსში მყოფი 30 ათასი რუსი სამხედრო, ერთობლივი ფართომასშტაბიანი წვრთნის დასრულების შემდეგ.

რა ისწავლა დასავლეთმა რუსული გაკვეთილებიდან - ეს ჯერ კიდევ უცნობია. ვაშინგტონი კვლავ ომის მოლოდინშია.

შეერთებული შტატები პოლონეთს "აბრამსის" ტიპის ტანკებს მიყიდის. თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შიშობენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ლტოლვილთა დიდი ნაკადი გაჩნდება. პოლონეთი კი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ისინი მიიღოს.

უკრაინისთვის მთავარი გამოწვევა დღესაც ევროპული მომავალია. ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, უკრაინის საზღვრებთან უკვე 190 000 რუსი სამხედრო სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო იზრდება ევროპაში პოლიტიკური ტემპერატურაც.

აირიდებს თუ არა უკრაინა ომს, ეს ახლა პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მყოფი მოთამაშეების სურვილებსა და მთავარ სვლებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები