27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი გახდა​

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე საქართველოში სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ ბრიფინგი გამართა ლევან ხაბეიშვილმა. "ნაციონალური მოძრაობა" ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელისუფლებას, კერძოდ კი სუსის ხელმძღვანელს უკავშირებს.

"ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, ამიტომ რიგითი ქოლ ცენტრის თანამშრომლები კი არა, რეალური თანამდებობის პირები, ვინც მფარველობენ ამ ქოლ ცენტრებს და დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

თემაზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპონენტებმა თავდაცვის მექანიზმად თავდასხმა აირჩიეს, რადგან ქოლ ცენტრების სკანდალი, მისივე თქმით, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ კონკრეტულ პირს უკავშირდება.

"ეს არის უსუსური მცდელობა, რომ შეტევით გადაფარო შენი დანაშაული. ვინ იდგა ქოლცენტრების უკან ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე მაქვს როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს და ეს ინფორმაცია არის საკმაოდ საფუძვლიანი. გავიმეორებ, რომ ქოლ ცენტრები უკავშირდება კონკრეტულ პირს, რომელიც არის დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან", ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები