27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რომელიც მოსკოვმა უმიზეზოდ გამოიწვია - ნედ პრაისი

უკრაინის საზღვართან რუსეთმა დამატებით 7 ათასი სამხედრო განათავსა - ინფორმაციას ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ამერიკული მედია ავრცელებს.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ მოსკოვის მიერ ძალების გაყვანის შესახებ განცხადებების მიუხედავად, უკრაინის საზღვართან სამხედროების რიცხვი ახლა უკვე 150 000 აჭარბებს. ვაშინგტონი კვლავ უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

უკრაინაში შეჭრის საბაბად რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებზე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ნედ პრაისმა პარალელი გაავლო 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრასთანაც.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რომელიც მოსკოვმა უმიზეზოდ გამოიწვია. მაგრამ ეს ძალისხმევა ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ რუსეთი დეესკალაციის სურვილს გამოიჩენს. ნათლად რომ ვთქვათ, ჩვენ ეს არ გვინახვს.

ბოლო კვირებსა და დღეებში ფაქტობრივად საპირისპირო ვნახეთ: მეტი რუსული ძალაა საზღვართან და ისინი საბრძოლო პოზიციებზე გადადიან. ეს ღრმა შეშფოთებას იწვევს.

რუსეთი ყალბ ნარატივებს ავითარებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედების განხორციელების საბაბად გამოიყენოს. დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ NATO და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ პროვოკაციებს გეგმავენ არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტების შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს რუსეთის მიერ კარგად დაწერილი სცენარია, მათ შორის მისი წინა შეჭრებიდან უკრაინასა და საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებული დეზინფორმაციის კამპანიებიდან," - განაცხადა ნედ პრაისმა.

პარალელურად, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერს შორის, რუსეთის შემდგომი აგრესიის რისკი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. საკითხზე ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმაც. მათი შეფასებით, რუსეთის შეჭრას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

დღის ამბები