27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
უკრაინა ომის ზღვარზე - ბაიდენი პუტინის სატელეფონი საუბარი ამ წუთებშიც გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკვე ნებისმიერ მომენტში ელოდება. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიქ სალივანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. ვაშინგტონმა ამ ინფორმაციის წყაროდ, დაზვერვა დაასახელა, თუმცა, თეთრ სახლში დაზუსტებით არ იციან, მიიღო თუ არა პუტინმა შეჭრაზე საბოლოო გადაწყვეტილება. 

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი დასავლეთისგან უმკაცრეს სანქციებს მიიღებს - ეს ვაშინგტონის პოზიციაა, რომელიც სერგეი ლავროვს დღეს ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონი მოსკოვს კრიზისის გადასაჭრელად კვლავ დიალოგის გზას სთავაზობს. 

თავის მხრივ რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული კამპანია რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულების საბოტაჟს ახალისებს.

რუსეთის შესაძლო სანქციების დაწესებაზე უშიშროების საბჭოშიც საუბრობენ. აღნიშნავენ რომ ამერიკის და მისი მოკავშირეების მხრიდან ქმედება ერთიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში, გერმანიის კანცლერის ვაშინგტონში ვიზიტმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ გერმანელები რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს" გააჩერებენ, კვირის ბოლოს ბერლინიდან უფრო მკაფიო გზავნილები წამოვიდა. გერმანიის ფედერალური მთავრობის წევრმა, ვაშინგტონის შეკითხვების საპასუხოდ თქვა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" გაჩერება შესაძლოა სანქციების შემადგენელი ნაწილი იყოს. ეს კი ნიშნავს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდას მოსკოვისთვის, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

"რუსთავი 2-თან" ინტერვიუში, ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი განმარტავს, თუ რამდენად დაუცველი იქნებიან სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, თუკი უკრაინაზე აგრესიის შემთვევაში დასავლეთის პასუხი სუსტი იქნება. მოსკოვის გავლენის სფეროს აღდგენის არდაშვება, მისი აზრით ამ ქვეყნების დახმარებას და რუსეთის შესაძლო აგრესიის თავიდან აცილებას ითვალისწინებს. 

უკრაინაში რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სასაუბროდ ბაიდენი მოკავშირეებს კიდევ ერთხელ ესაუბრა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მოკავშირეები შეთანხმდნენ, კოორდინირებულ ქმედებაზე და მაღალი ეკონომიკური ფასის დაწესებაზე. შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ პოლონეთში, მომავალ კვირას დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის. პარალელურად, მოსალოდნელი საფრთხის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკლებს უკრაინის დატოვებას ურჩევს, თავიანთი მოქალაქეები უკრაინიდან ასევე გაჰყავთ ბრიტანეთს, ლატვიას, ნორვეგიას და ნიდერლანდებს. 

დღის ამბები