27 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები - შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებაზე

შრომის ინსპექციის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შპს "საქნახშირის" ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე. ამასთან აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთვნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა.

შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს.

კომპანიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე აფეთქება 30 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანის გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

დღის ამბები