27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ვინ იქნება მომდევნო წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი - რატომ უცხადებს წარდგენილ კანდიდატებს ოპოზიცია უნდობლობას

უახლოეს პლენარულ სხდომაზე გადაწყდება, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი მომდევნო წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. 5 საათიანი მოსმენის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ვაკანტურ პოსტზე წარდგენილ ორივე კანდიდატზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პირველი, ვინც დეპუტატების კითხვებს უპასუხა, ლელა ჯანაშვილი იყო. რა მოტივაცია აქვს ახალი სამსახურის ჩასაბარებლად და რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად - ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელზე პასუხებიც დეპუტატებს კანდიდატისგან აინტერესებდათ.

ჯანაშვილმა მისი კანდიდატურის უპირატესობაზე რამდენიმე ჭრილში ისაუბრა, მათ შორის აქცენტი გამოცდილებაზე და კვალიფიციურობაზე გააკეთა. კანდიდატისგან ყველა ითხოვდა პასუხს კითხვაზე თუ როგორ აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფას. ლელი ჯანაშვილი იზიარებს პოზიციას, რომ რეფორმა სისტემის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

ლალი ჯანაშვილის შემდეგ ტრიბუნა კიდევ ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ დაიკავა. კითხვები ამ შემთხვევაშიც იდენტური იყო. შეკითხვის ავტორები დაინტერესდნენ მისი ხედვით ახალ რეფორმასთან დაკავშირებით და როგორ აპირებს ის სისტემის განვითარებას.

რამდენიმე საათიანი გასაუბრების ფონზე, ოპოზიცია მმართველ პარტიას ურჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად, ახალი კონკურსი გამოაცხადოს. კრიტიკას მმართველი პარტია ვიწრო პარტიულ ინტერესებს უკავშირებს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ 2-ვე კანდიდატი კრიტერიუმებს სრულად პასუხობს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე, 2 კანდიდატი პარლამენტს პრემიერმა წარუდგინა. კანდიდატებთან დაკავშირებით, კანონმდებლები საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2022 წლის 1 მარტს გაუქმდება.

დღის ამბები