თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, მოზარდის თვალწინ დედ-მამა მოკლეს. ადგილზე მძიმე დანაშაულის კვალი ჯერ არ გამქრალა. საზარელი ისტორიის მსხვერპლმა 43 წლის მამაკაცმა, პირველი გასროლის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობა, გია ჯიბიაშვილისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
სისხლისღვრის შემდეგ, მკვლელი შენობაში შევიდა და კიდევ ერთ დანაშაული ჩაიდინა. მან გია ჯიბიაშვილის 42 წლის მეუღლეს მაკა ზურაბაშვილს, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. ქალმა სიკვდილამდე დახმარების სათხოვნელად ნათესავებთან დარეკვა მოასწრო.
დანაშაულს ჰყავს მოწმე - 16 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი მშობლების მკვლელობას უყურა. დანაშაულის შემსწრემ მკვლელის მოგერიება სცადა და მას დანით ჭრილობა მიაყენა. მოკლული ცოლ-ქმრის არასრულწლოვანი ქალიშვილი მკვლელმა ფერმის საცხოვრებლის მეორე სართულზე აიყვანა და სკამზე დააბა.
ძებნილმა დანაშაული სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, საქონლის ფერმაში, საღამოს საათებში ჩაიდინა. ორმაგი მკვლელობის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა. ცნობილია მკვლელის ვინაობა. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული პირი მწყემსია. გიორგი გაწირიძე ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.
სოფელში გავრცელდა ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივზეც - მოკლულებისთვის ფულის გამოძალვის მცდელობაზე გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ოჯახშიც საუბრობენ.
სასტიკი დანაშაულისთვის 34 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იძებნება. სამძებრო მოქმედებები უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში გრძელდება.