27 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
რატომ უცხადებს ოპოზიცია უნდობლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ორივე კანდიდატს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ორივე კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს შორის არჩევანს დეპუტატები უკვე პლენარულ სხდომაზე გააკეთებენ. ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს, მართალია ხელისუფლების ოპონენტები სხდომას ესწრებოდნენ და კანდიდატებს კითხვებს უსვამდნენ, თუმცა მათი შეფასება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეფორმაზე უცვლელი რჩება. განსხვავებულია "ქართული ოცნების" პოზიცია, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანდიდატები მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე უმრავლესობას ურჩევს, კონკურსი თავიდან გამოცხადდეს. 

"ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ორივე კანდიდატი ეთანხმება სამსახურის ორად გაყოფას, მაგრამ ამის გამბედაობა ვერ დავინახეთ. წილს ბოლოს რა პროცესსაც ჰქონდა ადგილი პარლამენტში, როდესაც ყველანაირი განხილვის და მსჯელობის გარეშე, პროფესიული ადამიანების ჩართვის გარეშე უბრალოდ გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ვურჩევდი უმრავლესობას, რომ კონკურსი გამოცხადდეს თავიდან,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ გასაუბრებაზე ყველას ჰქონდა შესაძლებლობა კითხვის დასმასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ კანდიდატებზე. 

"ყველას გვქონდა შესაძლებლობა არა უბრალოდ კითხვის დასმისა, არამედ ამომწურავი ინფორმაცია მიეღო კანდიდატების შესაძლებლობების შესახებ მათი არჩევის შემთხვევაში თუ როგორ შეძლებენ თავი გაართვან ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას. მათი თეორიული ცოდნა, კვალიფიკაცია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური რესურსი იქნება ამ სამსახურის წინსვლისთვის და განვითარებისთვის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები