უკრაინის პარალელურად, პუტინი საქართველოსთვისაც იცლის.
მაკრონთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა არსებულ კრიზისებზე ისაუბრა, საქართველო აგრესორის როლში მოიხსენია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე თავდასხმაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
საფრანგეთისა და რუსეთის პირველი პირები დღეს ერთმანეთს მადლობებსაც უხდიდნენ.
ემანუელ მაკრონს დარჩა შთაბეჭდილებაც, რომ დეესკალაცია შესაძლებელია, თუმცა ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს შეერთებული შტატები, რომლის სპეცსამსახურებიც კვლავ ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას.
"ომი თუ მშვიდობა" - ბეწვის ხიდს უკრაინის საზღვარი სულ უფრო ემსგავსება. ისმის მხოლოდ მუქარა, ულტიმატუმი და პროგნოზი მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ.
ჩართულია დიპლომატიური წამზომიც, იმედით, რომ სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ომის წინა დაძაბულობის განმუხტვას, ამჯერად საკუთარი ძალებით ევროპელი პრეზიდენტი ცდილობს. ემანუელ მაკრონი მისიით, რომ ომი არ იქნება, საფრანგეთიდან მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. უკრაინაში გამგზავრებამდე მაკრონს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრა.
"ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა რამდენიმე სატელეფონო საუბარი, თქვენ ეს გამახსენეთ და მიუხედავად კრიზისისა, მე ასევე შევძელი მოსაზრებების გაცვლა პრეზიდენტ ზელენსკისთან. კოორდინირებული კომუნიკაცია მქონდა ბევრ ევროპელ მოკავშირესთან, ბრიტანელებთან, ამერიკელებთან, კანადელებთან. ვფიქრობ, დღევანდელმა საუბარმა შეიძლება დაიწყოს ის გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ - ეს არის დეესკალაცია,"- ამბობს ემანუელ მაკრონი.
ვლადიმერ პუტინი ხაზს უსვამს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ჩართულობას.
"მესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში უსაფრთხოების სფეროში და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ფაქტისთვის, რომ საფრანგეთი ყოველთვის იყო ძალიან აქტიური ამ სფეროში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. ამ წლებში საფრანგეთი მონაწილეობდა ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტაში. თქვენმა წინამორბედებმაც იგივე გააკეთეს. ეს ასევე ეხებოდა კრიზისს, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ ოსეთზე, საქართველოს თავდასხმის შემდეგ, ეს ეხებოდა მინსკის შეთანხმებების განვითარების და შემდეგ ნორმანდიის ფორმატის ორგანიზებას, მე ვხედავ, რა ძალისხმევას დგამს საფრანგეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, უკრაინის კრიზისის მოგვარებაში,"- აცხადებს პუტინი.
რუსეთს რომ დიპლომატიური გზის არჩევა შეუძლია ვლადიმერ პუტინს ვაშინგტონიდან კიდევ ერთხელ შახსენეს.
თეთრ სახლში ომის დაწყებას რამდენიმე დღეში ან კვირაში ვარაუდობენ, თუმცა კრემლს მოსალოდნელ შედეგებზეც აფრთხილებენ, რომ ომმა შესაძლოა, რუსეთს გაზსადენის პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ი" დააკარგვინოს.
ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის სიგნალია ისიც, რომ რუსეთმა საკუთარი შეიარაღების 70% უკრაინის საზღვრებთან უკვე განალაგა. ამ ფონზე გერმანიის კანცლერმა ვაშინგტონში ჩასვლა გადაწყვიტა.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უკრაინისთვის წითელი ხაზია.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვითარების განმუხტვა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუკი რუსული საჯარისო შენაერთები დატოვებენ, როგორც უკრაინის საზღვრებს, ისე დროებით ოკუპირებული რეგიონებს.
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დათმობა არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ დომბასი და ყირიმი უკრაინაა. მეორე, არ იქნება დიალოგი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალახო რესპუბლიკებთან. როდესაც ვსაუბრობთ დეესკალაციაზე, ეს ნიშნავს რუსული სამხედრო ძალების მდგრად გაყვანას უკრაინის საზღვრიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
სამხედროების ერთჯერადად გაყვანა არ ნიშნავს დეესკალაციას. ჩვენ უნდა ვიხილოთ, რომ ყველაფერი, რაც მობილიზებული იყო ჩვენს საზღვრებთან გასული წლიდან, იქნება გაყვანილი. ეს იქნებოდა ვითარების განმუხტვის მკაფიო ნიშანი," - აცხადებს უკრაინის საქმეთა საგარეო მინისტრი დიმიტრი კულება.
მოსკოვს დასავლეთის არ სჯერა. უფრო მეტიც, ოფიციალური კრემლი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს პროვოკაციაში ადანაშაულებს. ახსენებს პოლიტიკურ წარსულსაც. მეზობელ ფედერაციაში ამტკიცებენ, რომ ომი არ იქნება, რუსული საფრთხე კი გამოგონილია.
უკრაინის საზღვართან ვითარება ყოველდღიურად მძიმდება.
დაპირისპირებული ქვეყნების საზღვარს რუსული ჯავშანტექნიკა ავსებს. დიპლომატიური ძალისხმევა ამ დრომდე მხოლოდ მცდელობად რჩება. მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ ცვლილებას ახლა უკვე მთავარი მოთამაშეები და მხოლოდ დრო განსაზღვრავს.