27 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
სემეკი "თელასსა" და "თელმიკოში" შედის - 700 საჩივრის ფონზე ზედმეტი დარიცხვების დადგენის შემთხვევაში კომპანიებს ჯარიმა თავად დაეკისრებათ

მარეგულირებელი კომისიის ცხრაკაციანი სამუშაო ჯგუფი, ოთარ ჩხეიძის 10 ნომერში, დილის 10 საათიდან გამოჩნდა. მიზანი კი, პასუხის გაცემა კითხვაზე - რატომ მოუწია ასობით აბონენტს ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის გადახდა.

სემეკში 700 საჩივარია შესული. თუ დადგინდა, რომ კომპანიებმა მოქალაქეებს ზედმეტი დაარიცხინეს, "თელასსა" და "თელმიკოს"  გაორმაგებული ჯარიმა თავად დაეკისრებათ.

არასწორი დარიცხვების გამო სემეკმა ისინი ერთხელ უკვე გააფთხილა და დააჯარიმა.

ამ ეტაპზე სემეკში 700-ზე მეტ იდენტური შინაარსის საჩივარს სწავლობენ. მოქალაქეები ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებას და პრობლემაში გარკვევას ითხოვენ.

მარეგულირებელმა კომისიამ ერთი თვის ვადაში უნდა დაადგინოს, რატომ მიუვიდათ მოქალაქეებს გაზრდილი გადასახადები კომუნალურ სერვისებზე.

ამჯერად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას, უკვე კომპანიებში შესვლა და დოკუმენტაცის ადგილიდან ამოღება უწევს. 

სემეკში ხარვეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა გადაცდომის კონკრეტული შემთხვევები უკვე გამოვლინდა.

მარეგულირებელ კომისიაში სავარაუდო დარღვევების განხილვა მოკვლევის დასრულებამდე არ შეუძლიათ. თუმცა იციან ის სანქციები, რაც კანონის შესაბამისად, "თელმიკოსა" და "თელასს" გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში დაეკისრებათ.

სამუშაო ჯგუფები კომპანიებში ყოველდღიურად, 1 თვის განმავლობაში იმუშავებენ. დოკუმენტების გაცვლისა და მათი შესწავლის გარდა, შემოწმდება მთლიანი ტექნიკური ციკლი.

კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტად დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​

მოსახლეობის მასობრივი მიმართვიანობის და მაღალი ინტერესის გამო შესაძლებელია ერთ კვირაში შუალედური ანგარიშიც გამოქვეყნდეს.

დღის ამბები