27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ცეცხლი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი სასწყობე ფართში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცეცხლის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი უშლიდა ხელს. 

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილებისთვის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა მოძრაობა უკვე აღდგენილია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.

"ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე,"- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებთან  დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ხანძარმა ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

დღის ამბები