27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს ბადრი ჯაფარიძისთვისაც.

როგორც კომიტეტზე აღინიშნა, საშემოდგომო სესიაზე 15 პლენარული სხდომა გაიმართა და შალვა ნათელაშვილმა და ელენე ხოშტარიამ 15-ივე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველი რეგლამენტია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

მას შემდეგ, რაც საკომიტეტო მოსმენა დასრულდება, უკვე ამ საკითხზე საბოლოო მსჯელობა შედგება შემდეგ კვირაში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები გაიმართება.

კომიტეტის სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა. 

პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კანონმდებლებმა შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღონ თავად დეპუტატის სურვილი, რომ მზად არის პარლამენტში შევიდეს.

"ფორმალურ სამართლებრივად ნამდვილად არ ვდაობ, იმიტომ რომ მესმის, აბსოლუტური საფუძვლებია საკითხის დაკმაყოფილების წაყენებული, მაგრამ მაინც განსხვავება არსებობს. მაგალითად, ელენე ხოშტარიას არ გამოუცხადებია არასდროს, რომ მზად არის შევიდეს, შალვა ნათელაშვილმა ეს გააკეთა. ამიტომ, გადავდოთ ეს საკითხი, მოვიწვიოთ ოფიციალურად ბატონი შალვა და მასთან ერთად განვიხილოთ,“ - აცხადებს თამარ კორძაიამ.

კორძაიას ამ განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა.

"არ აქვს ამ ადამიანს რაიმე ტიპის სურვილი, რომ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყოს." - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები