პლატფორმა Worldometers-ის მონაცემებით მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 394 მილიონს გადააჭარბა, ვირუსის სხვადასხვა შტამმა მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ომიკრონის შტამმა კოვიდ 19-ის რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. გაერთიანებულ სამეფოში ღამის კლუბებში კოვიდ პასპორტების წარდგენა სავალდებულო აღარ არის. 11 თებერვლიდან კი სრულად აცრილი ადამიანები, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში შესვლა სურთ, სავალდებულო ტესტირებისგან თავისუფლდებიან.
შვედეთში შეზღუდვების დიდი ნაწილი 9 თებერვლიდან მოიხსნება. ქვეყანაში 14 თებერვლიდან, ასევე, აღარ იქნება აუცილებელი დისტანციურად მუშაობა.
სხვადასხვა აკრძალვის მოხსნის კუთხით კიდევ უფრო შორს წავიდა ფინეთი, ქვეყანა თითქმის ყველა შეზღუდვას აუქმებს. სამშაბათიდან რესტორნებს მუშაობა საღამოს 9 საათამდე შეეძლებათ. სამშაბათიდან ასევე მოიხსნება სასაზღვრო კონტროლი ევროკავშირისა და შენგენის სხვა ქვეყნებთან. შეზღუდვები დეკემბერში მას შემდეგ შემოიღეს, რაც ომიკრონის შტამმა სწრაფად გავრცელება დაიწყო.
შვეიცარიაში, შვედეთის მსგავსად, დისტანციურად მუშაობის საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოიხსნა. შეზღუდვების შემსუბუქება კვლავ იგეგმება. 16 თებერვალს კი გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა რეგულაციები გაუქმდება. ხელისუფლების თქმით, გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.
ავსტრიაში პირებს, რომლებსაც კოვიდსერთიფიკატები არ ექნებათ, 600 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
მალტა ზაფხულისთვის ყველა რეგულაციის გაუქმებას გეგმავს. იხსნება შეზღუდვები დახურულ სივრცეში შეკრებაზეც. 21 თებერვლიდან კი სავალდებულო კარანტინის პერიოდი 5 დღემდე შემცირდება. ასევე 14 თებერვლიდან წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებისთვის, რომლებიც აცრილები არიან, სავალდებულო კარანტინის პერიოდი მცირდება . რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში კი მწვანე ბარათებს აღარ მოითხოვენ.