27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ნიკა მელიას ჩანაწერი - როგორ აფასებენ ენმ-ის თავმჯდომარის აღიარებას პოლიტიკოსები

ნიკა მელიას თანაპარტიელებთან შეხვედრაზე იმ ჩანაწერზე საუბარი მოუწია, სადაც არ მალავს "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობას და პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

ამ ჩანაწერში, რომელიც მედიაში გავრცელდა, ნიკა მელია მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების იდეა ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს.

პარტიის ოფისში გამართული 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ, მელიას კომენტარი არ გაუკეთებია. ის დღეს მხოლოდ facebook-პოსტით შემოიფარგლა.

თუმცა, ნიკა მელიას საპირისპირო პოზიცია პირდაპირ ეთერშიც არაერთხელ უთქვამს. მის ერთ-ერთ ასეთ განცხადებას "ღამის კურიერის“ არქივიც ინახავს.

5-საათიანი შეხვედრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ნიკა მელიას პოლიტიკური განცხადებების გამართლება აღარ უცდიათ. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვიდეოჩანაწერი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა გახდა.

ჩანაწერის მთავარ ობიექტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მელიას პოზიცია ჯერ არ შეუფასებია. ფარული ვიდეო 2 დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშია ჩაწერილი, როდესაც სასამართლო დარბაზში ექსპრეზიდენტის მიერ, საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა. 

დღის ამბები