27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"თუკი არ დადიხარ პარლამენტში და არ ასრულებ იმ მანდატს, რომელიც ქვეყანამ, ამომრჩეველმა მოგანიჭა, შენ არ უნდა იყო პარლამენტში" - გია ვოლსკი

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, რომელსაც ხვალ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგლამენტის მიხედვით დადგა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ რეგლამენტის მიხედვით, თუკი დეპუტატი თვეების განმავლობაში არ ასრულებს მანდატს, მისი ადგილი პარლამენტში არ არის.

"ძალიან სამართლიანი რეგლამენტია, რომლის წინააღმდეგ ვერავინ ვერ გამოვა მსოფლიოში. არსებობს რეგლამენტი, რომელი ითხოვს შემდეგ - თუკი არ დადიხარ და არ ასრულებ იმ მანდატს, რომელიც ქვეყანამ, ამომრჩეველმა მოგანიჭა, შენ არ უნდა იყო პარლამენტში. არა მარტო პარლამენტი, არამედ ნებისმიერ ადგილას," - ამბობს გია ვოლსკი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს კონსტიტუცია იძლევა.   

"ჩვენ და მთელი ცივილიზებული სამყარო 2020 წლის არჩევნების შემდგომ, მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ მოსულიყვნენ პარლამენტში და ისინი პარლამენტში არ მოდიოდნენ. ახლა, როდესაც გაცდენების გამო, კონსტიტუციის შესაბამისად, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი დგება, ახლა ამბობენ, რომ ანგარიშსწორების რაღაც საფუძველი არსებობს.

ამიტომ, ასეთი რადიკალური ოპოზიცია რომ არსებობს, ამიტომაც არის რომ ნდობა საზოგადოების მხრიდან არ ექნება ასეთი ტიპის ოპოზიციას," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგლამენტის მიხედვით დადგა, ვინაიდან თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ეს ორი დეპუტატი კი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენია. 

დღის ამბები