27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - რაზე შეთანხმდნენ უმრავლესობა და ოპოზიცია

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას შედგა.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში, პარლამენტში არსებული ოპოზიციური პარტიების წევრები, თვის ბოლომდე სასამართლო სფეროს რეფორმირების საკუთარ ვერსიებსა და შეფასებებს წარმოადგენენ.

"შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს - ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

"რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი ამბობს, რომ ის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე პროცესში ფრთხილი ოპტიმიზმით ერთვება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ისინი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით ოპონენტებს სთავაზობენ არა მხოლოდ ვერბალურ პოლიტიკურ პაექრობას, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წერილობით შეფასებას.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, გადაწყდა, რომ ერთი თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ვერსიას გავაკეთებთ. არ გამოვრიცხავ, იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან, გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებაში. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, ცვლილებებს დავაინიცირებთ და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები