27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ვირის თუ ცხენის ხორცი - ანტისანიტარია და უკანონო საწარმოში გამოვლენილი ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14ა ნომერში,  ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.

საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

"კურიერმა" აღმოაჩინა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმებული და დალუქული საწარმო საცხოვრებელ სახლში იყო მოწყობილი. მეპატრონე ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და პასუხების გაცემა არ ისურვა.

ექიმი ვეტერინარი "კურიერის" მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, როგორ უნდა იყიდოს მომხმარებელმა ჯანსაღი პროდუქტი. მარინა ბიჭიაშვილი მოქალაქეებს ურჩევს, რომ აუცილებლად დააკვირდნენ, არის თუ არა ხორცის დახლზე წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელზეც პროდუქციის ყველა დეტალია გაწერილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს ხორცს, მის ვარგისიანობას, სანიტარულ ნორმებს დახლებსა და მაღაზიებში. თბილისში ამოღებული ნახევარ ტონამდე ხორცის წარმოშობა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები