27 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად იცავს "ომიკრონით" დაინფიცირებისგან - ვისთვის არის განსაკუთრებით მძიმე ახალი შტამი

კლინიკებში კოვიდ ინფიცირებულ ორსულთა მიმართვიანობა მომატებულია. ამის გამო ღუდუშაურის კლინიკაში დაამატეს კოვიდ მიმღები ცენტრი, სადაც მხოლოდ ფეხმძიმე პაციენტებს მკურნალობენ. გაზრდილია მიმართვიანობა პედიატრიულ განყოფილებებშიც. ამ გარემოების და ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, ზოგადად ჯანდაცვის სექტორი არ არის ისეთი დატვირთული, როგორც ეს წინა, "დელტა" შტამის დროს იყო. "ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ კლინიკურ სექტორზე მომართვიანობამ მოიმატა. 

"ტესტირების რაოდენობამ და მომართვიანობამ მოიმატა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ. რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებული, მიტ უფრო მეტი იქნება მძიმე პაციენტი. ამიტომ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობამაც მოიმატა, ჯერჯერობით რესურსი გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი რაოდენობით მოხდა მომართვიანობა შეიძლება ჰოსპიტალურ სექტორსაც ძალიან გაუჭირდეს," - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

თსსუ-ს პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციით და ბუსტერ დოზით არის შესაძლებელი. 

"მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობთ "ომიკრონი" არ არის მძიმედ მიმდინარე ვარიანტი "დელტასთან" შედარებით, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში და ესენი არიან რისკჯგუფები, მათთვის გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის რისკი მაინც მაღალი რჩება. როგორც წინა მუტაციების, ისე "ომიკრონის" შემთხევაში, ერთადერთი რეალური შესაძლებლობა საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე შემთხვევების და ლეტალობისგან თავის დაცვისთვის, ეს არის ვაქცინაცია. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა," - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები