ამერიკული სამხედროების აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნას ვაშინგტონის მხრიდან ევროპაში დაძაბულობის ესკალაციად აფასებენ მოსკოვში. თეთრი სახლი კი რუსეთის უკრაინაში პოტენციური შეჭრის საკითხთან დაკავშირებით სიტყვა "გარდაუვალს" აღარ გამოიყენებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ნუ დათესავენ პანიკას უკრაინელ მოქალაქეებში, რადგან ეს ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
ბრიტანეთის, პოლონეთის,ჰოლანდიის პირველი პირების შემდეგ, კიევს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვია. მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ასევე თურქეთი გააფართოვებს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უკრაინაში. ერდოღანმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის მზადყოფნა, უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერდოღანს შუამავლის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ნამდვილი მეგობარი უწოდა.