27 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან -  რას ფიქრობენ ექსპერტები ინფლაციის დონეზე  

ინფლაციის დონის ზრდას მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით და მსოფლიო მასშტაბით ფასების მატებით ხსნიან ეკონომიკური ექსპერტები.

მათ თქმით, ინფლაციის დონის ზრდას ობიექტური მიზეზები აქვს და ეს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ექსპერტი, ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესები ქვეყანაზე პირდაპირ აისახება.

"ობიექტური მიზეზები არის საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, სურსათის საერთო ინდექსი საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილია თითქმის 30%-ით, ასევე გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯები და საწვავის ხარჯები და ა.შ. ეს თავისთავად, პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოში მიმდინარე ინფლაციის დონეზე. ამდენად, საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე," - ამბობს ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ  საქართველოში ინფლაციის მატება გამოწვეულა იმ მდგომარეობით, რაც მსოფლიო ბაზრებზე ხდება.

"ინფლაციის მაღალი დონე, რომელიც არის საქართველოში, არ არის გამონაკლისი. ეს არის გლობალური შოკის, კოვიდპანდემიური შოკის შედეგი. უნდა ვთქვა, რომ ესეთი დიდი ეკონომიკური შოკი დიდი დეპრესიის მერე არც ყოფილა. ამიტომ არის რომ მთელ რიგ ქვეყნებში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში ევროპის ქვეყნებში ბოლო 40 წელია ასეთი მაღალი ინფლაცია არ დაფიქსირებულა,“ - ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

დღის ამბები